პირველად კატერინას როდესაც შევხვდი, ძალიან დასტრესილი იყო, სულ ფანჯრისკენ იხედებოდა და თავისი უფროსი ელანდებოდა, არ დაინახოს ჩემი მანქანაო…
ანტისტრეს მასაჟის სესიაზე იყო მოსული. ვიფიქრე, რომ თერაპიაც არ აწყენდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი მითქვამს. მორიგი სესია დავნიშნეთ და დავემშვიდობე. სესიაზე არ მოვიდა და კარგა ხანს მასზე არაფერი მსმენია…
8 თვის შემდეგ ჩემს ტელეფონზე ზარი იყო და კვლავ ანტისტრეს მასაჟის სესიაზე გოგო შემოვიდა, რომელსაც თავზე მოხდენილი ქუდი ეხურა. ბელგიაში ქუდი მართლა იშვიათად ახურავთ და ვიფიქრე, უეჭველი ონკოლოგიური დაავადება აქვს-მეთქი, თუმცა ის ისე ენერგიულად შემოვიდა, ვეღარ გავიგე, რა მეფიქრა.
– აქეთ გამომყევით-მეთქი, – ვუთხარი
-აქ უკვე ნამყოფი ვარო, – მიპასუხა.
მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჩემს წინ კატერინა იდგა. კატერინა, რომელსაც მკერდის კიბო ჰქონდა და იმაზე უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა, ვიდრე პირველ შეხვედრაზე.
-7 ქიმია დამრჩაო, – მიყვებოდა, – მაგრამ მუშაობა არ შემიწყვეტიაო. ქუდიც მოიხადა და შემდეგ პლასტიც კი მოიხსნა, რომელიც ავთვისებიან კვანძს ფარავდა.
ვუკეთებდი თერაპიას და ვფიქრობდი: გადარჩება თუ არა? მასაჟს სულით და გულით ვუკეთებდი, თითქოს ბოლოჯერ… ხელი ხან კვანძზე მიხვდებოდა და მახსენებდა, რა მოკლე შეიძლება იყოს ცხოვრება.
ალბათ 6 თვე მასზე არაფერი მსმენია. შემეძლო მეკითხა, მაგრამ არ მინდოდა გამეგო, რომ ვერ გადაიტანა .. სანამ მაიორკაზე ყოფნისას თვითონ არ დამირეკა.
კატერინა, როგორ მიხარია შენი ხმის გაგონება! – გულწრფელად აღმომხდა. დავნიშნეთ სესია, კატერინა ისევ ენერგიულად და ახლა უკვე ცალი ძუძუს გარეშე იწვა მასაჟის მაგიდაზე…
-კარგად ვარ, ქიმიამ იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე მეგონა, სესხი გამოვიტანე და ესპანეთში დავისვენე, მუშაობა მხოლოდ მაშინ შევწყვიტე, დასასვენებლად რომ წავედი. ქიმიოთერაპიის წინ კაბა და ფეხსაცმელი ვიყიდე და აი, ხვალ მეგობრის დაბადების დღეზე მივდივარ და იქ ჩავიცვამ. რწმენამ გადამარჩინა და სწორმა არჩევანმა. მე სიცოცხლე და ბედნიერება ავირჩიეო.
გაოგნებული ვუყურებდი. ისეთი ქალებისგან მსმენია წუწუნი და დამინახავს ხელის ჩაქნევა ცხოვრებაზე, მათი პრობლემები კატერინას სიტუაციასთან ჩალად რომ არ ღირს… სწორედ ამიტომ მინდა, ბიძგი მოგცეთ კატერინას ისტორიამ, მისმა ამბავმა, რომ არასოდეს დატოვოთ თქვენი ცხოვრება იქ, სადაც არის, არ გაიხლართოთ პრობლემებში, არ იფიქროთ, რომ ცხოვრება მხოლოდ იმ ტკივილით შემოიფარგლება, რომელსაც ახლა განიცდით… და როგორც ჩემს ახლო მეგობარს ვეუბნები ხოლმე ხშირად: გადახტი, დროზე გადახტი ამ მოჯადოებული წრიდან… გადახტი და ცხოვრება დაიწყე – ბედნიერი და ნათელი!!!
დატოვეთ კომენტარი