იცით, რა კითხვას მისვამენ ხშირად უკვე ბოლო რამდენიმე წელია? თავიდან ცოტა კი მიკვირდა, მაგრამ რადგან კითხვას საქართველოშიც და ბელგიაშიც მისვამენ და თან ახლად გაცნობილი ადამიანები, დავრწმუნდი, რომ კითხვა სწორედ მე შემეხება.
კითხვა შემდეგში მდგომარეობს – ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ? ან ასეთი მშვიდი რატომ ხარ? ადრე, სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, ამ კითხვაზე რა მეპასუხა, ახლა კი მაქვს პასუხი და ეს არის – იოგა, მედიტაცია და პერსონალური განვითარება.
დღეს მე იოგაზე გესაუბრებით: იოგა გაძლევთ საშუალებას, იყოთ მშვიდი და გაწონასწორებული, გქონდეთ ჯანსაღი, ლამაზი და მოქნილი სხეული. მოდით, ყველაფერი თავის დროზე და დავიწყოთ იქიდან, რომ იოგა სხეულს მოქნილობას აძლევს, ეს არც ისე საკვირველია, რადგანაც, როგორც კი იოგას ახსენებ, უმრავლეს ჩვენთაგანს აქვს წარმოდგენა, რომ ადამიანის სხეული რომელიმე პოზაში უნდა იყოს გაკვანძული. ხომ მართალია? მართალია, რადგან იოგა, სხვა სპორტისაგან განსხვავევიბით, მოქნილობას უწყობს ხელს და არამარტო სხეულის მოქნილობას, აგრეთვე, ტვინის მოქნილობასაც და თუ ადრე იყო რაღაც, რაც ძალიან გაღიზიანებდათ, იოგის შესრულების პროცესშივე დააკვირდებით, რომ თქვენ შეცვლით მათთან დამოკიდებულებას. ყოველი ასანა უფრო მეტ შემართებას გაძლევთ და თუკი რომელიმე მათგანი ადრე სულ არ გამოგდიოდათ /და ეს ხომ ნორმალურია, სხეული თავიდან არ არის ისეთი მოქნილი/, როდესაც ყოველდღე უფრო და უფრო სინჯავთ თქვენი სხეულის საზღვრებს, ესა თუ ის ასანა უკეთ გამოგივათ, უფრო თვითდაჯერებული და დარწმუნებული გახდებით საკუთარ ძალებში და დამიჯერეთ, ეს საპირისპირო სქესს შეუმჩნეველი არ დარჩება.
იოგა ქმნის აგრეთვე კუნთოვან სიძლიერეს, ჩვენ ხომ დაგვაჯერეს, რომ მუცლის პრესი 50 ჯერ მაინც უნდა გააკეთო დღეში, რომ ლამაზი მუცელი გვქონდეს, იოგას დროს კი არანაირი ზედმეტი დაძაბულობა არაა საჭირო, დგახარ ასანაში და ყველა კუნთი იჭიმება, სხეული მაგრდება და კუნთები ღრმად მუშავდება, რჩები შენი სხეულის პროპორციებსა და რელიეფში, იოგა შეიძლება სკულპტორს მიამსგავსო, რომელსაც ნელნელა, მაგრამ მტკიცედ და მზრუნველობით გამოყავს სხეულის ულამაზეს ფორმები.
სანამ იოგას დავიწყებდი, მანამ სულ მოხრილი დავდიოდი მხრებში, მეგობრები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მხრებში უნდა გავსწორებულვიყავი. მას შემდეგ, რაც იოგა დავიწყე, მხრებში ბუნებრივად გავსწორდი, რადგან იოგა მთლიანად მიმართულია, რომ სხეული სიმეტრიული იყოს. იოგა ხელს უწყობს, რომ მკერდის კუნთებიც კი იყოს დაჭიმული და ფორმაში და ეს ჩვენთვის, ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ის აგრეთვე აწესრიგებს ჰორმონებს.
იოგა ჩვენ, ქალებს ასევე გვეხმარება როგორც ფეხმძიმობაში, ისე მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგაც, თუ კი თქვენ იოგას აკეთებთ ნუ შეგეშინდებათ ფეხმძიმობის და მშობიარობის, რადგან იოგის დროს სხეული მოქნილი ხდება და წელის ან სხეულის სხვა ნაწილების ტკივილები გამორიცხულია. გარდა ამისა ყველა სუნთქვა, რასაც პროცესში ვასრულებთ, არის იოგას პრანაიამა და ბუნებრივია, როდესაც იოგით ხარ დაკავებული, ფეხმძიმობის დროს დაგროვილი წონა პრობლემას არ წარმოადგენას, რადგან ის ჯერ ერთი, მინიმალურია და მეორეც, მისგან განთავისუფლება არანაირ პრობლემას და სირთულეს არ წარმოადგენს. ასე, რომ 37 წლის ასაკში, ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ მესამე შვილსაც გავაჩენ.
ხშირად, განსაკუთრებით – ევროპაში, კაფეში, როდესაც დააკვირდებით – ქალბატონს, რომელიც საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება, ადგომისას შეამჩნევთ, რომ უჭირს მოძრაობა. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობაში არ ვაკვირდებით, რომ ართრიტი უმოძრაობის ბრალია. როგორ გვახსენდება სიბერე? ჯოხით? რა თქმა უნდა, მაგრამ დამიჯერეთ, თუ რეგულარულად იოგას შეასრულებთ, ეს აგცდებათ და სიბერეში უფრო ლაღი და ჯანმრთელი იქნებით, იოგას მოძრაობები თქვენს სახრებს ახალი ჯანმრთელი სითხით კვებავენ და ეს სითხე ყოველი ასანის დროს ახლდება. ამიტომ, ბუნებრივია, სიბერისას სახსრები მის ნაკლებობას არ განიცდის და სხეული ლაღი და მოქნილია. იოგა რომ ხერხემალს იცავს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ხერხემლის დისკებს მოძრაობა ესაჭიროებათ – თან მრავალმხრივი და სხვადასხვანაირი, იოგას ასანები საუკეთესოა ამ მხრივ, რადგან ყველა ასანა ერთმანეთისაგან განსხვავაებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხერხემლის დისკებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და, პირიქით, მოქნილი და ჯანმრთელი იქნება.
თუ კი თქვენს ნათესავებში ინსულტისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემები ხშირი შემთხვევაა, უნდა გითხრათ, რომ ეს ავადმყოფობა გენეტიკურია და არ არის გამორიცხული, რომ თქვენც ადრე თუ გვიან შეგეხებათ, მაგრამ სწორი კვებით და სწორი მოძრაობით ეს ავადმყოფობა თქვენი პრობლემა აღარ იქნება. და აქაც იოგა პიონერია, რადგანაც ყველა ასანა სისხლის მიმოქცევსს უწყობს ხელს. სისხლის მიმოქცევა ნიშნავს ჯანმრთელ სისხლს, რომელიც ჟანგბადს შეიცავს და ყველა კუნთსა თუ ორგანოს ჟანგბადი კარგად მიეწოდება და ორგანიზმს ტონუსსა და ჯანმრთელ მდგომარეობაში ამყოფებს. და არ დავუკარგოთ იოგას ისიც, რომ ის სისხლში შაქრის რაოდენობას ამცირება და ავითარებს hdl ანუ კარგ ქოლესტერინს.
სატ ნამ.
დატოვეთ კომენტარი